როგორ დავწეროთ სამაუწყებლო ახალი ამბავი
ავტორი: ჯესიკა უაისი
ტელევიზისთვის, რადიოსთვის ან ვიდეოსთვის წერა მოითხოვს ტექსტის წერისგან განსხვავებულ უნარებს. გასაღები მკაფიო და კონკრეტული წერის მანერაა. საბოლოოდ, რადიოს მსმენელს ან ტელევიზიის მაყურებელს არ შეუძლია უკან დაბრუნდეს და ხელახლა წაიკითხოს წინადადება.
თქვენი მაუწყებლობისთვის წერის მანერის გასაუმჯობესებლად, მულტიმედიის პროდიუსერი ჯეჰანგირ ირანი გირჩევთ, რომ გადაშალოთ მთავარი გაზეთი, აარჩიოთ ნებისმიერი სტატია ახალ ამბავზე და სცადოთ, პირველი აბზაცის ხმამაღლა წაკითხვა.
თქვენ, სავარაუდოდ, აღმოაჩენთ რომ სტატია “გრძელი და მშრალია,” ამბობს ის, ” და სუნთქვა არ გეყოფათ მის დასამთავრებლად.”
მაუწყებლისთვის წერის უნარების გაუმჯობესებაში დასახმარებლად, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელი“ ესაუბრა ირანს და მედია ტრენერ, ესტ დილონს. აქ მოცემულია მათი მთავარი რჩევები:
- წერეთ ისე, როგორც საუბრობთ: დაწერეთ თქვენი საკუთარი ხმით, საუბრის ტონით, თითქოსდა, მხოლოდ ერთ მსმენელს ესაუბრებით. შეეცადეთ, წინადადებები იყოს მოკლე. თუ გაქვთ გრძელი წინადადება, მას თან უნდა მოსდევდეს მოკლე წინადადება. როდესაც დაუბრუნდებით და თქვენს მონათხრობს ხმამაღლა წაიკითხავთ, დააკვირდით, ნამდვილად თქვენეულად ჟღერს?
- წერეთ მარტივად: გამოყავით ერთი წინადადება თითოეული იდეისთვის. იყავით მკაფიო და ლაკონური, ისტორიაზე კონცენტრირებული და ძალიან ნუ შეეცდებით, რომ ზედეტად “ჭკვიანი” გამოჩნდეთ. ტექსტში ზედმეტად ბევრი დეტალის ჩასმამ, ის, შესაძლოა, უმნიშვნელო გახადოს და ისტორიას ფოკუსი დააკარგვინოს. თავი აარიდეთ რთული სტრუქტურის მქონე, შედგენილ სიტყვებს, რომლებიც გამოსათქმელად რთული და გრძელია, მოერიდეთ ჩახვეულ წინადადებებს. “დააფასეთ მოკლე სიტყვები,” ამბობს დილონი.
- ეცადეთ, იყოთ კონკრეტული: თქვენი ნაწერი უნდა იყოს გასაგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემაზე ზოგადად ისაუბროთ. დილონი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა მკითხველსა და მსმენელს უნდა უამბონ ამბის კონტექსტის შესახებ. ადმიანების აღწერისას იარლიყს ნუ მიაკრავთ მათ. თქვით ზუსტად, თუ რას აკეთებენ ისინი თავიანთი ოფიციალური სტატუსის საპირისპიროდ.
- ისტორიები მოყევით ლოგიკური თანმიმდევრობით: დარწმუნდით, რომ თქვენს ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ნუ დაკარგავთ ლიდს, ახალი ამბავი თავშივე მოყევით, ზედმეტი შესავლის გარეშე.
- გამოიყენეთ აწმყო დრო და მოქმედებითი გვარი: თქვენ წერთ, იმისთვის, რომ ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდეს და გამოხატავდეს იმას, თუ რა ხდება ახლა. მაუწყებლობა მიისწრაფვის, რაც შეიძლება მოკლე დროში გადასცეს ამბავი მომხმარებელს. ამბის მსმენელისათვის გადასაცემად გამოიყენეთ მოქმედებითი გვარი, როდესაც ეს შესაძლებელია.
- დაწერეთ ვიდეო კადრებისთვის: ვიდეოდან აუდიტორია დაინახავს, თუ რატომ/როგორ მოხდა ამბავი. ტელევიზიაში ფრაზა “დაწერე ფირისთვის” გამოიყენება იმ გზის აღსაწერად, თუ როგორაა აგებული სიუჟეტის სცენარი თქვენს მიერ შეგროვებული ვიზუალური სურათების გარშემო. არ დაწეროთ იმაზე გრძლად, ვიდრე ვიდეო ისტორია ან სურათები საჭიროებს.
- გამოიყენეთ გამოსახულებები: რადიოს აუდიტორიას სჭირდება, რომ წარმოიდგინოს ადამიანები, ადგილები და სხვა დეტალები თქვენს ისტორიაში. თქვენი სიტყვებით შექმენით ძლიერი და სწორხაზოვანი გამოსახულებები. ზედსართავების ნაცვლად გამოიყენეთ აღწერითი ზმნები. მაგალითად, თუ ამბობთ „ის მედიდურად დადის ან აუჩქარებლად სეირნობს,” თქვენ ასახავთ სურათს ზედსართვის გამოყენების გარეშე. მაგრამ ნუ დაუშვებთ რომ ცხადმა, თვალწარმტაცმა სურათებმა თქვენი ნაწერი სიტყვაჭარბ მწერლობად აქციოს. სიტყვები გამოიყენეთ ზომიერად.
- მიეცით საშუალება სტუმარს/გმირს, რომ ისაუბროს: თუ თქვენ უძღვებით შოუს ან ინტერვიუს, იყავით მასპინძელი. არ დაჩრდილოთ ამბის სუბიექტი. ინტერვიუს დროს ნუ გამოიყენებთ შორისდებულებს და ნუ ისაუბრებთ საკუთარ თავზე დაუსრულებლად. ჯეჰანგირ ირანი ამბობს: „თქვენ ხართ მხოლოდ გამტარი არხი, რომლის ამოცანაა მოთხრობის/გამოცდილების/ემოციის გადაცემა სტუმრიდან მაყურებლამდე ან მსმენელამდე.“
წყარო: https://ijnet.org/en/resource/how-write-broadcast-news-stories