როგორ უნდა გადავიდეს საინფორმაციო სააგენტო მკითხველებისგან მიღებულ შემოსავალზე
ავტორი: დამონ ქისოუ
ფეივოლის (საიტის ფასიანი გამოწერის სისტემა) საიტზე დაყენება მარტივია. შემოსავლის მომხმარებლისგან მიღება და არა რეკლამიდან კი მარტივი არაა.
მიუხედავად ათწლიანი ექსპერიმენტებისა, საინფორმაციო ამბების ინდუსტრიას კვლავ სჭირდება ტექნოლოგიებისა და უნარების გაუმჯობესება, რომ საიტის წევრობისა და გამოწერის მდგრადი მოდელები შექმნას.
მედია ორგანიზაციებმა უკეთ უნდა შეისწავლონ მკითხველი და ახალი ამბების გამოწერის ბიზნესი (მონაცემები, კვლევები, მარკეტინგი, ლოიალურობა, ცვლილებები და შეფერხებები), თუ უნდათ რომ მომხმარებლიდან საკმარისი შემოსავალი მიიღონ. ეს კი ჩვენი ორგანიზაციების ძირეულ ცვლილებებს ნიშნავს.
ბოლო შვიდი წელი ჯერ The Boston Globe-ში ვმუშაობდი, შემდეგ კი McClatchy-ში და მათ ამ ცვლილებების მოხდენაში ვეხმარებოდი. ეს სტატია კი იმ ტექნიკური და სტრატეგიული გამოწვევების მოკლე შეჯამებაა, რომლებსაც გამოწერის მოდელზე გადასვლა იწვევს. აქ რთულია იპოვო ყველა ორგანიზაციისთვის წარმატების საერთო ფორმულა, მაგრამ ყველას შეუძლია ჭკვიანურად გამოიყენოს სხვების გამოცდილება და არსებული მონაცემები საკუთარი მოდელის გასაუმჯობესებლად.
რა უნდა გავაკეთოთ:
- მოვაგროვოთ მონაცემები: უნდა მოვაგროვოთ და შევინახოთ მონაცემები მკითხველების შესახებ.
- მონაცემების ანალიზი: უნდა გავაანალიზოთ მოგროვებული მონაცემები და განვავითაროთ თეორიები ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და აქტივობების მხარდასაჭერად.
- მონაცემებზე დაფუძნებული აქტიურობა: ჩვენი აქტივობები უნდა ეფუძნებოდეს მიღებული მონაცემების ანალიზს, შევამციროთ ახალი კონტენტისა და ფუნქციების ბაზარზე განთავსების დრო.
- დაისახეთ მკითხველიდან შემოსავლის მიღება მიზნად: თქვენი ორგანიზაციის ყველა წევრი უნდა იაზრებდეს ამ მიზანს და ხედვას და ირჯებოდეს ამ საერთო მიზნის მისაღწევად.
- მომხმარებელს შეთავაზეთ უკეთესი გამოცდილება: უნდა გავაუმჯობესოთ საიტის მოხმარების გზები, იმისთვის რომ გავზარდოთ მომხმარებლის ჩართულობა ჩვენს საქმიანობაში.
- დავტესტოთ და გავზომოთ: თავიდან უნდა დავაყენოთ საიტის გამოწერის სისტემა და დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევას.
- დაამკვიდრეთ „მკითხველი უპირველეს ყოვლისა“კულტურა: უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტექნოლოგიური ცვლილება გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილია და ამიტომ საჭიროა კულტურული ცვლილებების დაწყება იმისთვის, რომ მკითხველის როლი წინ წამოიწიოს.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მონაცემების გამოყენება მხარს უნდა უჭერდეს საზოგადოებისთვის საჭირო მასალების გამოქვეყნებას და აზრიანი ჟურნალისტიკის წარმოებას. ვერც ერთი მონაცემი და ბიზნესსტრატეგია ვერ უშველის ორგანიზაციას, რომელიც მკითხველს ღირებულ მასალას არ თავაზობს.