ჩემი რჩევა დამწყებ, ენთუზიასტ ჟურნალისტებს

ავტორი: დევიდ რობერტსი

გამარჯობა, რჩევის მაძიებლებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პოსტში. მე მინდა, რამდენიმე ზოგადი რჩევა გაგიზიაროთ, ასე რომ დავიწყოთ.

რჩევა, რომელსაც მე ვერ მოგცემთ

უპირველესად, პრაქტიკული რჩევის შემთხვევაში, ვერ დაგეხმარებით. როგორ შეკრათ საქაღალდე სამაგრები ან სად ვიპოვოთ სამსახური – არაფერი ვიცი, არაფერი გამეგება. მე, თითქოს, შევიპარე ჟურნალისტიკაში. წლების განმავლობაში, სტუდენტობისას ფილოსოფიას ვსწავლობდი, თუმცა მივატოვე, სიეტლში აღმოვჩნდი და 2003 წლის ბოლოს მუშაობა დავიწყე Grist.org-ზე რედაქტორის ასისტენტად. თითქმის ყველაფერს მოვწყდი, მე ხომ გზას ვიკვალავდი წერაში, მთელი დღე ვმუშაობდი და ასე გაგრძელდა 2015 წლამდე, სანამ Vox-მა არ მთხოვა მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი და „ხომალდის ბორტზე ავსულიყავი.“

რაღაცნაირად, ცოტაოდენ უცნაური გზაა, არც კი ვიცი, თუ შეიძლება, აქედან ბევრი რამ ისწავლოთ. ყველაფერი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, კოლეჯიდან დღემდე, არის წერა უხეირო ახსნებისა და არგუმენტების. ეს არის ყველაფერი, რაც ვიცი. ამის კეთებას ვაპირებ, სანამ ქუჩაში არ მომისვრიან და ცოლის კმაყოფაზე ცხოვრებას არ დავიწყებ, სრული განაკვეთით.

მანამდე კი, ვერ გეტყვით, ვის აჰყავს თანამშრომლები, როგორ უნდა დაიწყოთ მუშაობა. დიდ დახმარებას ამაში ვერ გაგიწევთ. თუკი ჩემი შვილი უარს იტყოდა მაღალანაზღაურებად კარიერაზე, რომლითაც მეც კი შემინახავდა პენსიაზე გასვლისას და ჟურნალისტიკას აირჩევდა, აი, რას ვეტყოდი:   

ამხსნელი ჟურნალისტიკა, ე.წ. explanatory journalism

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც ლედ კლაინს Wonkblog დაარსებინა ვაშინგტონ პოსტში, შემდგომ მუთ იგლესიასთან და მელსა ბელისტან ერთად Vox, არის ის, რომ 20-ე საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის ადრეულ წლებში  ჟურნალისტური საქმიანობა ბევრი ფაქტორით იყო შეზღუდული, დამოკიდებული იყო მომწოდებლებზე, გარკვეულწილად მხარესაც წარმოადგენდა. ამ ყველაფერმა გარკვეული პროფესიული პრაქტიკა და სოციალური ნორმები ჩამოაყალიბა.

მარტივად, ეკონომიკური კუთხით თუ ავხსნით, რა დამოკიდებულებებზე ვსაუბრობ, ესაა: საჭიროა ფული, რომ გაზეთი დაიბეჭდოს და ახალი ამბების ჯიხურებსა თუ თაროებზე განთავსდეს, გასაყიდად. ინფორმაციის მოძიების საშუალებებიც შეზღუდული იყო, თუ ფაქტების მოძიება გინდოდა, უნდა წასულიყავი ბიბლიოთეკაში ან მთავრობის რომელიმე ოფისში გექექა ფაილები. ჟურნალისტის სამუშაო ყოველთვის ინტენსიური იყო, გამომდინარე აქედან, ძვირიც. მიმდინარე თუ სამუშაო ხარჯები კი მაღალი.

ინტერნეტმა ყველაფერი ეს შეცვალა. აღარ არის ჟურნალისტური საქმიანობა მსგავს დეტალებზე დამოკიდებული. დღეს ძალიან (ტრივიალურად) მარტივია რაიმეს გამოქვეყნება, არანაირ მომწოდებელზე დამოკიდებულება აღარ არსებობს. ინფორმაციის წყაროები შეუზღუდავია. ბიბლიოთეკები უკვე ონლაინ არსებობს, სახელმწიფო ჩანაწერები, მონაცემების ბაზაც ასევე ონლაინაა. ყველა საჭირო პირის პატარა ნაბიჯიც კი დაფიქსირებულია, „დაბლოგილი“ ან „დატვიტულია“.

ორი რამ არის აღსანიშნი. პირველი, დამოკიდებულება მომწოდებლებსა თუ წყაროზე გაქრა. აღარ საჭიროებს ჟურნალისტიკა შეზღუდვას, თუნდაც ფორმისა და ზომის თვალსაზრისით. ნებისმიერი ამბავი შეიძლება იყოს იმხელა, რამხელასაც თავად ეს უკანასკნელი მოითხოვს. 200 სიტყვიდან 2000 სიტყვამდეც კი. არც ისაა აუცილებელი, ყველა ჟურნალისტმა მხოლოდ ამ ორი მოცემულობიდან აირჩიოს რომელიმე. აქ, ინტერნეტში, სივრცე ყველაფრისთვისაა, მეტი მრავალფეროვნებაა ფორმის, ზომის, ტონის, ხმისა თუ თავად თემის თვალსაზრისით.

და მეორე, უფრო მეტად საჭირო გახდა ახსნა. რადგან ადრე არსებობდა ტექნიკური თუ ფიზიკური შეზღუდვები, გაზეთები და საგაზეთო ჟურნალისტები აქცენტს იმ მომენტისათვის მომხდარ ამბებზე აკეთებდნენ, რა მოხდა და რა განვითარება ჰქონდა ამბავს. მაგრამ ხშირად, მკითხველი საერთოდ ვერ იგებდა ამ ამბის არსსა თუ კონტექსტს.

ახლა კი, როცა ინფორმაციული აფეთქება მოხდა, შესაბამისად, გაჩნდა საზოგადოებრივი შიმშილი, გაიგოს – არა რა მოხდა, არამედ რას ნიშნავს ეს.

მარტივად რომ ვთქვა, ამ საუკუნის უდიდესი კითხვა ესაა – რა ჯანდაბაა ეს? ამ კითხვას არ აინტერესებს, რა მოხდა. დღეს ძალიან მარტივია გაიგო, რა მოხდა და მერე? რა ჯანდაბაა ეს?

რას უკავშირდება? როგორ მუშაობს ეს? რამდენად კარგი ან ცუდია აღნიშნული ამბავი? მართლა? როგორაა ის დაკავშირებული სხვა ამბებთან? რა შეგვიძლია გავიგოთ ამ ისტორიიდან?

ადამიანებს უნდათ, რომ იცოდნენ სამყარო როგორ მოქმედებს, მუშაობს. სურთ იცოდნენ, რატომ ხდება ის, რაც ხდება. არასდროს შეწყვეტენ მისწრაფებას, იცოდნენ რა მოხდება, როცა სკოლას დაამთავრებენ.

ასე რომ, ჟურნალისტიკა გარდაუვლად ცვალებადია. დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ამბის გადმოცემა, ვიდრე უკვე არსებული ინფორმაციის მოგროვება, შეფასება, ახსნა და კონტექსტუალიზაცია აუდიტორიისთვის.

ნუ გამიგებთ არასწორად, ჯერ კიდევ არის უსაზღვრო ინფორმაცია იმისთვის, რომ მასში ვიქექოთ, საგამოძიებო ჟურნალისტიკაც ჯერ კიდევ აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებადაა დაფინანსებული, ჩემში აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს. თუმცა ეს ის არაა, რასაც ვაკეთებ. ბევრი არ აღიარებს ამას, მაგრამ დღეს აშშ ჟურნალისტების უმეტესობა ამ საქმით არაა დაკავებული.

ჟურნალისტების უმრავლესობა, ხედავენ თუ არა ისინი საკუთარ თავს ასე, ამხსნელები არიან. ყოველდღიურად მათი საქმე, სწორედ, ისაა, თავსდამტყდარი, მუდმივად დენადი ზღვა ინფორმაცია ახსნან.

ეს პროცესი შეიძლება და შეიცავს კიდეც უზარმაზარ წრეს ჟურნალისტებისას, თავიანთი მრავალფეროვანი ხმებით, წერის სტილით, ფორმითა და თემებით. ზოგიერთი, ამჯობინებს, რომ იყოს ობიექტური, „განდგომილ“ თხრობის სტილს არჩევს, რომელიც 20-ე საუკუნის ბოლოს ახასიათებდა ჟურნლისტიკას. ზოგიც კი მეტად განსხვავებულ „ხმასა“ და ხედვას ირჩევს. ნაწილი აქცენტს მხოლოდ ახალ ამბებზე აკეთებს, ზოგს კი უკან დახევა და ტენდენციების ანალიზი ურჩევნია.

ინტერნეტი გთავაზობთ თავისუფლებას. მაგრამ გახსოვდეთ, თავისუფლება ორმაგი პირის მქონე ხმალია. შეგიძლია გააკეთო ნებისმიერი რამ, მოირგო ნებისმიერი ხმა, გამოხატვის საშუალება, გამოიძიო, რაც გინდა, მაგრამ შეზღუდვების ნაკლებობა, მეტი შეცდომის, უზუსტობის თუ თვითკმაყოფილების რისკებსაც ზრდის.

შენ (და შენმა რედაქტორებმა) უნდა დააწესოთ თქვენი შეზღუდვები, დაიცვათ თქვენივე დისციპლინა და ყურადღება აუდიტორიის მოთხოვნების შესაბამისად  გაამახვილოთ.

კარგი და ცუდი ამბავი ინტერნეტ ჟურნალისტიკის შესახებ

არსებობს კარგი და ცუდი ამბავი ინტერნეტ ჟურნალისტიკის შესახებ.

კარგი ისაა, რომ ზღაპრულად მარტივია, გახდე ჟურნალისტი.

ადრე მეზიზღებოდა აარონ სორკინის შოუ „ნიუსრუმი.“ სუსტი, სულელური შოუ სატელევიზიო ახალი ამბების შესახებ. მეცინებოდა როცა ვუყურებდი, კადრი როგორ იხევდა უკან და საერთო ხედში მთელ ნიუსრუმს ვხედავდით. ჩანდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი კომპიუტერებთან და ტელეფონებთან.

გამოიცანი რა! შენც შეგიძლია „დაგუგლო“ რაღაცები და დაურეკო ხალხს. არ გჭირდება ჟურნალისტიკის სწავლა ან უნივერსტეტის დამთავარება ამისთვის. არ არის აუცილებელი რაიმე დოკუმენტის ან აკრედიტაციის ქონა (უმეტეს შემთხვევში მაინც).  შეგიძლია წარადგინო თავი, როგორც ჟურნალისტი და დაიწყო. დაურეკე ვინმეს, წაიკითხე ახალი ამბები, წადი, ნახე რამე, გაარკვიე რა ჯანდაბა ხდება ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, ახსენი, რა გაიგე და გამოაქვეყნე საიტზე. ვუალა – შენ ჟურნალისტი ხარ!

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაკრვეული უნიკალური უნარ-ჩვებები არ გჭირდება, როგორ არა! მაგრამ გამოცდილება, უფრო სწრაფად გასწავლის იმაზე მეტს, ვიდრე ამას რომელიმე ჟურნალისტიკის სკოლა.

შენი მიზანია, გახდე ძლიერი მასალების მოძიებაში, სწორად აღიქვა საშუალებები  და მოყვე ამბავი. პროფესიონალად გახდომის გზა ამ საქმის ბევრჯერ კეთება, ანუ პრაქტიკაა.

ახლა კი ცუდი ამბავი. რამდენადაც მარტივია, გახდე ჟურნალისტი, იმდენად  რთულია იარსებო ამ საქმით. ასევე გართულდა მოიპოვო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ნდობა და ფული, წყეული ქირა რომ გადაიხადო.

აშშ-ში ჟურნალისტების სამუშაო ადგილები შემცირდა. ციფრული ჟურნალისტიკის ზრდასთან ერთად, გაზეთებში სამუშაო ადგილები უფრო სწრაფად ქრება.

დარჩენილი ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, ისევ იმ „თეთრმა ელიტამ“ დაიკავა, რომელიც რამდენიმე ძვირიან კოლეჯსა თუ უნივერსტეტში სწავლობდა.

ერთადერთი ღირებული ვალუტა ჟურნალისტიკაში ნდობაა,  რომ საზოგადოება როგორც შუქურას, ისე აღგიქვამდეს, ამ ხმაურსა და ქაოსში. ის კი დღეს ძალიან იშვიათია.

ცხადია, მონდომებული ჟურნალისტი დამოუკიდებლად, შიშველი ხელებით ვერ შეძლებს გააკონტროლოს ინდუსტრიის ტენდენციები, ვერ აჯობებს დისკრიმინაციის სტრუქტურულ ფორმებს. არის რაღაცები, რასაც ისინი ვერ გააკონტროლებენ. ერთადერთი, რაც მის ხელთაა, თავისი ნამუშევრის ხარისხია. ამიტომ ჩემი რჩევაა, საქმე კარგად გააკეთოთ.

როგორ ვიყოთ კარგი ამხსნელი ჟურნალისტები

  1. გაიგე რაიმეს შესახებ

პარადოქსულია ის, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, თუმცა უმეტესობა უყურადღებოდ ტოვებს მას.

ადამიანებს შეზღუდული ემოციური და კოგნიტური გამტარიანობა აქვთ (სამწუხაროდ, ვერანაირი აპლიკაცია ვერ აფართოებს ამას). მათ აქვთ საკუთარი ცხოვრება, დაკავებულნი არიან. ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციას ეძებენ, რომელიც მათ ოჯახებს, სამსახურსა თუ გატაცებებს უკავშირდება. ამის მიღმა კი მათი ინტერესი არ მიდის.

ამაში ცუდი არაფერია.  რეალურად, ყველა ასე ვართ. ერთადერთი დასკვნა ისაა, რომ ნებისმიერ მოცემულ თემაზე უფრო მარტივია გაიგო მეტი, ვიდრე სხვა ადამიანებმა იციან.

ვფიქრობ, ცოდნა, თითქმის ყველა თემაზე, ლოგარითმულ დიაგრამაზე დასასრულისთვის სწრაფად იზრდება. ადამიანების 90%-მა არ იცის არაფერი. ალბათ, მხოლოდ 7 ან 8 პროცენტმა იცის ნორმალურად. 2% – იცის ბევრი და, ალბათ, მხოლოდ 1 პროცენტია ღრმად გარკვეული, ექსპერტის დონეზე (ამ ციფრებს მე ვზრდი, მაგრამ, ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ).

რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს –  ძალიან კარგად ერკვევიან კონკრეტულ ნაციონალურ პოლიტიკაში ან ფილმ „ვარსკვლავურ ომებზე“, ბევრმა ყველაფერი იცის, რაც უნდა რომ იცოდეს. მაგრამ დიაგრამაზე პიკებს შორის არის უზარმაზარი ჩავარდნები, ცოდნა რომელიც დაკარგული და ჰაერში გაფანტულია უმრავლესობისთვის.

ნებისმიერი თემის ცოდნა ექსპერტის დონეზე, იქნება ეს აშშ-ჩინეთის განახლებად ენერგო ურთიერთობების შესახებ, სკოლაში სეგრეგაციის გაუქმებისა თუ იტალიური მოდის ტენდენციების ან მარსის ტრანსფორმაციის შესახებ საცხოვრებლად ვაგრისიანობისთვის, არ მოითხოვს რაიმე საიდუმლო მითითებებს ან განსაკუთრებულ ვარჯიშს. უბრალოდ, საჭიროა მუდმივი ყურადღება, ისევე როგორც, ნებისმიერ საქმეში – დროის დათმობა და დაუღალავი შრომა, რაც უმრავლესობას არ ახასიათებს.

თუკი სახელს გაითქვამ იმით, რომ ბევრი რამ იცი და ამ ყველაფრის ახსნა კარგად შეგიძლია, იპოვი შენს ნიშას. ძალიან ბევრი ჟურნალი და სპეციალური გამოცემაა, რომლითაც შეგიძლია დაიწყო. უბრალოდ, გაუზიარე, რაც იცი, გახდი საჭირო, თუნდაც მხოლოდ პატარა, კონკრეტული წრისთვის. საჭირო ხალხი იშვიათია.

სწორედ, ამ ნიშით გაავრცელებ შენს სახელს. მაგრამ გარანტირებულად კვალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებ – იცოდე ის, რაზეც ლაპარაკობ.

2. გააბი ქსელები

შენ უნდა გაინტერესებდეს შენი თემა, თუკი ასეა, აუცილებლად იპოვი ადამიანებს, რომელბმაც მეტი იციან ამის შესახებ და მათგან ისწავლი შენც. ამ ყველაფერს კი გაუზიარებ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მეტი იცოდნენ.

ადამიანები, რომლებმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს წლების განმავლობაში, არიან, სწორედ, ისინი, ვინც სიანტერესო, ჭკვიანურ კითხვებს სვამდნენ ან მიუთითებდნენ იმ ინფორმაციასა თუ წყაროზე, რომელიც მე არასოდეს მენახა, ან მაკავშირებდნენ საჭირო ადამიანებთან. რაც არ უნდა იყოს მათი როლი ან ჩანაფიქრი, მათ აუცილებლად ანაღვლებთ თემა და მასთან დაკავშირებული საკითხები. უნდათ რომ, გაიგონ, იცოდნენ და შემდეგ გაუზიარონ ეს ცოდნა სხვებს.

იგივე ძირითადი პრინციპი ვრცელდება სოციალურ მედიაზეც, რომელიც, სამწუხაროდ, ისევ საუკეთესო და დიდებული გზაა შენი სახელის გასავრცელებლად (სამწუხაროს იმიტომ ვამბობ, რომ ის აგრეთვე ანადგურებს საზოგადოებას).

დაიმახსოვრე: იყო საჭირო – იშვიათია. იყო საჭირო სოციალურ მედიაში, გამართო ჯანსაღი დისკუსია, შესთავაზო აუდიტორიას შესაბამისი, რელევანტური ინფორმაცია, გქონდეს უახლესი ანალიზი – ასევე ძალიან იშვიათია. ადამიანები, რომლებსაც მე ვამჩნევ და გამოწერილი მყავს ტვიტერზე, სულაც არ აქვთ ლურჯი ნიშანი ან ჰყავთ უამრავი გამომწერი. უბრალოდ, ისინი აქტიურები არიან, ხშირად მხვდებიან თვალში, რელევანტური და საინტერესო ინფორმაცია აქვთ. მოკლედ, საჭირონი არიან.

3. იყავი მოწადინებული, ბეჯითი, თავმდაბალი, სამართლიანი და ეცადე, წერო კარგად

უამრავი განხილვა თუ დებატები მიდის დღეს ჟურნალისტიკასთან და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, უნდა ჰქონდეთ თუ არა საკუთარი მოსაზრება-შეხედულებები ჟურნალისტებს და გაგვიზიარონ ისინი. რა სტანდარტებს უნდა მიყვნენ ნამდვილი ჟურნალისტები. ძირითადად, ბრიტანული სტანდარტები არსებობს. დიდი ხანი ფოლოსოფიის სწავლამ ერთი რამ შემაგნებინა, შეუძლებელია, ადამიანი გათავისუფლდეს საკუთარი წინასწარ ჩამოყალიბებული შეფასებებისგან და აბსოლუტური ობიექტურობით გადმოსცეს ფაქტები. შეუძლებელია, სუბიექტური დამოკიდებულების გარეშე მივცეთ ფორმა და ჩავსვათ ჩარჩოებში ეს თუ ის ამბავი.

სამყაროს ჩვენებურად ვხედავთ და აღვიქვამთ, არა სხვისებურად. ჩვენს ადამიანაურ ბუნებას ვერ გავექცევით. ამის ბოლომდე უგულებელყოფა, უხეშსა და მყიფეს ხდის ჟურნალისტურ ტექსტს.

ჩემს შეფასებაში, ღირებულებები, რომლებსაც ჟურნალისტიკაში მნიშვნელობა ენიჭება, ცოტა ძველმოდურია: სიბეჯითე, თავმდაბლობა და თავშეკავებულობა, სამართლიანობა და პროფესიონალიზმი (დიახ, ეს ყოველივე დამირღვევია კიდეც ჩემი კარიერის მანძილზე, ვის არა, ჩვენ შორის).

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როცა რაიმე თემაზე წერ არის ის, რომ უნდა იცოდე, რა ჯანდაბაზეც ლაპარაკობ!

ამას სიბეჯითე, შრომისმოყვარება სჭირდება. დიახ, უნდა კითხულობდე მთელ ნაშრომს, სწორედ ის უნდა იყო, ვინც ამოწმებს წყაროებს, ის, ვინც დამატებით ზარს განახორციელებს გადასამოწმებლად, ის ვინც დამატებით პოდკასტებს ან ჩაწერილ ლექციებს მოუსმენს, სანამ ჭურჭელს რეცხავს ან ძაღლს ასეირნებს, რომ უკეთ შეისწავლოს ესა თუ ის თემა.

თუმცა, ყველაფრის ცოდნა ყოველთვის არაა გადამწყვეტი. ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ცდილობს გაიგოს მეტი, რომ გარკვეული ფარული მოტივები დააკმაყოფილოს.

ამიტომ არსებობს ეს ტერმინი  – „მოტივირებული მსჯელობა.“ ძალიან ბევრს შევხვედრივარ, რომელიც ამტკიცებდა, რომ კლიმატური ცვლილებები ადამიანის საქმიანობაზე არაა დამოკიდებული, არადა მათ მეტი იციან კლიმატისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ,  ვიდრე სხვა ნებისმიერმა. ისინი ადვოკატებს ჰგვანან, უბრალოდ ყველაფერი უნდა იცოდნენ საქმის შესახებ, რომ საჭიროებისას სათავისოდ გამოიყენონ.

რაც მეტი იცი, ყველაფერი ბევრად მარტივი ხდება. ეს მეტად გაქცევს საჭირო ადამიანად. ამას კი მხოლოდ შრომისმოყვარეობითა და სიბეჯითით მიაღწევ.  

შემდეგ მოდის სამართლიანობა. ეს ისაა, რასაც ყველა ადამიანი (ყოველ შემთხვევაში, მათ ვისაც მორალი გააჩნია) ეჭიდება, განსაკუთრებით, მიკერძოებულობაზე საუბრისას. ერთი რამ, რასაც დანამდვილებით აღმოაჩენ რაიმე თემაზე მუშაობისას, არის მოულოდნელი სირთულე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იფიქრე, როცა მას ეძებდი.

მიუხედავად ამისა, სოციალურმა მედიამ, შეიძლება, სხვაგვარად გაფიქრებინოს. აქ შეიძლება ნახო დაუზუსტებელი და მიამიტური არგუმენტები ნებისმიერ თემაზე. იმ თემაზეც კი, რომელზეც ფიქრობ, რომ სწორი პასუხი მეტად ცხადი და მარტივია. 

სამართლიანობა არ გულისხმობს დასკვნის გამოტანისგან თავის შეკავებას (აბა რისთვის გიხდიან, თუკი არ ეძებე და გაარკვიე). ეს ნიშნავს, გააკეთო შენი მაქსიმუმი, ეცადო ყველაზე გონიერი მოწინააღმდეგის თავში ჩაძვრე, ნათლად ჩამოაყალიბო საუკეთესო არგუმენტები შენი დასკვნის საწინააღმდეგოდ.

ეს კი გულისხმობს, აღიარო საკუთარ თავში არსებული ეჭვები, გაურკვევლობა და ორჭოფობა. ამ ყველაფერს კი თავმდაბლობამდე მივყავართ.

თავმდაბლობა და თავშეკავება, ეს ყველაზე რთული რამაა სოციალური ქსელების ერაში, რომელიც დაუსრულებლად სტიმულს აძლევს უხეშ და მარტივი შინაარსის მქონე კონტენტს. ყველაფერი კი ვირუსულად ვრცელდება.

მე, თვითონაც, ასობით მსგავსი რამ მაქვს დაწერილი და აშკარად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ მათში. ჟურნალისტიკის მთავარი მიზანი, როგორც სხვა, ნებისმიერი, სიმართლის მაძიებლის, საწყის ეტაპზე, საკუთარი მოსაზრებებისა და დასკვნებისგან თავის შეკავებაა.

თუმცა, ამ ყველაფრის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე განხორციელება. წლების განმავლობაში ძალიან ბევრ საკითხზე შემიცვლია შეხედულება, თუმცა ყოველთვის ნებაყოფლობით არა. სხვების მოსმენა და მონდომება, რომ შეცვალო საკუთარი შეხედულებები, იშვიათად არის სასარგებლო მოკლევადიან პერსპექტივაში. განსაკუთრებით, სოციალური-მედიის ტომური მიდრეკილებებისა და  მახასიათებლების შემხედვარე. ეს ყველაფერი მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში. უფრო საინტერესო და დიდი ხნით გამოსადეგი იქნები, თუ საკუთარ ცნობისმოყვარეობასა და თავმდაბლობას ჩაეჭიდები.

საბოლოოდ, (აქ უკვე ბებერი კაცივით ვსაუბრობ), უნდა განვიხილო პროფესიონალიზმი. თანამედროვე ჟურნალისტიკაში, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათია, ე.წ. „ნელი ჟურნალიზმი,“ ანუ ფრთხილად მოგროვებული, რედაქტირებული და გადამოწმებული სამუშაო. სამუშაოსთვის დიდი დროის დათმობა, მოძრაობა, სტატიის რამდენიმე ვერსიის განხილვა და ფაქტების გადამოწმება ხარჯებს მოითხოვს, ბიზნესი, რომელიც ღილაკზე დაჭერას ანუ ე.წ. „კლიკებს“ ანიჭებს უპირატესობას, ძალიან ცოტა ჟურნალისტს თუ შეუქმნის ამ ფუფუნებას.   

როდესაც რამდენიმე წლის წინ „Outside”-სთვის დავწერე სტატია, საერთო ჯამში, დაახლოებით 50 ვერსია (დრაფტი) განვიხილეთ, თითოუელში უფრო და უფრო დეტალური ცვლილებების შეტანით. ყოველდღიური ვებ-ჟურნალისტიკისთვის სტატიის ორი, მაქსიმუმ სამი, ან ხანდახან ერთი ვერსია იქმნება. დღეისთვის მხოლოდ სისწრაფე და სხარტი გადარჩევაა მისაღები. მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება კარგად დაიწეროს სტატია მცირე დროში.

მაგრამ მაინც, სიტყვებს ძალა აქვთ და კარგი ნაწერი ყოველთვის იჩენს თავს.

ნაშრომისთვის დიდი ყურადღების დათმობა არ ნიშნავს ცხვირშეკრული ნიუ-იორკელის ხმით წერას (მიუხედავად იმისა, რომ ამაში ცუდი არაფერია). ყოველთვის მახსენდება ლინდსი ვესტი, ფემინისტი ჟურნალისტი, რომელმაც სიეტლის ადგილობრივ, ყოველკვირეულ, ალტერნატიულ გაზეთ „Stranger”-ში აიღო სტარტი. ის სასტიკად მარტივი ენით წერდა, ხშირად გაზრდილი შრიფტით, ყურადღების გასამახვილებლად. ეს ყოვლად თავზეხელაღებული, უჩვეულო სტილი იყო, Stranger-ის ყველაზე უცნაური მწერლებისთვისაც კი უცხო. მაგრამ ის კარგი, სასაცილო, დაკვირვებული და გამჭრიახი იყო, შედეგად მკითხველმა ის აღმოაჩინა.

რაც შემეხება მე, მუდამ არაფორმალურ ტონს ვიყენებ, ბალანსს ვიჭერ ფაქტებს, ხუმრობანარევ ანალიზსა და პოლემიკას შორის, ხანდახან საყვარელი ცხოველის სურათსაც გავურევ. როდესაც ვწერ, წარმოვიდგენ, რომ მეგობარს ვესაუბრები ბარში (ცნობისმოყვარე მეგობარს, მაგრამ არა უსასრულო მოთმინების მქონეს). ვცდილობ, რომ ვიყო ადვილად მისაღები, ვცვალო წინადადებების ტონი, ტემბრი და სიგრძე, ტექსტში მიმოვფანტო სერიოზული ან ტექნიკური და იუმორნარევი ნაწილები, რომ პერიოდულად მკითხველმა პარალელების გავლება შეძლოს.  ვცდილობ, რომ ვიყო ზუსტი და ამავდროულად საინტერესო, რადგან ერთი მეორის გარეშე დათვური სამსახურის გაწევა იქნებოდა ჩემი მეგობრისთვის.

როგორიც არ უნდა იყოს შენი ტონი ან მიდგომა – ობიექტური ჟურნალისტი (რეპორტიორი),  მთხრობელი, ცინიკური კომენტატორის მოსაწყენი ამხსნელი,  მაგიდის მტვრეველი პოლემიკოსი –  ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საქმე გაკეთდეს კარგად ან ცუდად. დღეისათვის ინტერნეტში სტატიების უმეტესობა დაბალი ან საშუალო ინფორმაციული ღირებულების, უფორმო მასაა. მწერლები (და რედაქტორები), რომლებიც ოდნავ მეტ დროს უთმობენ, რომ ნაწერი იყოს უფრო საჭირო, მოკლე და (ჯანდაბას, მაინც ვტყვი) ლამაზი, ამტკიცებენ, რომ მკითხველის დროს და ყურადღებას აფასებენ. ეს შესამჩნევია.

რჩევა ქაოსის დროს

რჩევის მაძებარნო, აი, რა მაქვს თქვენთვის. მე ვერ გეტყვით, რა გააკეთოთ ორშაბათ დილით, ვის მიწეროთ მეილი ან რა იდეა წარადგინოთ. მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ დეზინფორმაციის ეპოქაშიც კი (ყველამ უკან რომ დაიხია და არავინ არავის ენდობა) ხარისხიან სტატიებზე მოთხოვნა და შესაბამისი აუდიტორია ისევ არსებობს.

ცნობისმოყვარე ხალხიც არსებობს. მათ სჭირდებათ დახმარება, მათ გარშემო არსებული ინფორმაციის ბუჩქნარისგან აზრი რომ გამოიტანონ. Vox-ის წარმატება და ამხსნელობითი ჟურნალისტიკის პოპულარობა, ამის ნათელი მაგალითია. საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაიგონ (გაანალიზონ) უსასრულოა. ხალხი ითხოვს და აფასებს ამას – რა თქმა უნდა, ყველა არა, თუმცა მედიის არსებობისთვის საკმარისი რაოდენობა.

კარგი ჟურნალისტიკის კეთების ბევრი გზა არსებობს, მაგრამ არ არსებობს კარგ ჟურნალისტად ჩამოყალიბების გზა, რომელიც არ მოითხოვს სწავლას, მცდელობას და პრაქტიკას ანუ გულმოდგინედ მუშაობას.

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like