როგორ წარვადგინოთ იდეები? – რჩევები ფრილანსერ ჟურნალისტებს
ავტორი: შერი რიჩარდი
მედია სემინარების დროს მონაწილეები ხშირად ჩივიან, “ჩვენ შესანიშნავი იდეები გვაქვს ამბისთვის, მაგრამ ვერ ვახერხებთ რედაქტორების დაინტერესებას. სად ვუშვებთ შეცდომას?”
დისკუსიების დროს, როგორც წესი, ეს ცხადი ხდება: ისინი მოქმედებენ ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოემზადონ, ყურადღება რაზე გაამახვილონ და წარმოადგინონ ისტორიის ის მხარე, რომელიც ახალი ამბების მენეჯერებს ათქმევინებს, “ვაუ! ეს არაჩვეულებრივია. რამდენ ხანში შეგიძლია, ამბავი მზად გქონდეს?“
ჯეკ უოტლინგი დაგეგმვის რედაქტორია Newsfixed-ში. ესაა პლატფორმა, რომელზეც ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტები საკუთარ იდეებს ათავსებენ და შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა მედიაში დასაქმებული რედაქტორები მათ ნახულობენ. უოტლინგი გვთავაზობს რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ წარვადგინოთ ჩვენი იდეა ბრწყინვალედ.
უოლტინგის რჩევების სია იწყება ნიმუშის შექმნით:
“იდეის წარდგენისთვის წერამ არ უნდა წაგართვას დიდი დრო. დაწერეთ ნიმუში, რომელსაც ექნება პასაჟები ყველა ძირითადი ინფორმაციით. ამ გზით წერის პროცესი ხდება სწრაფი და მარტივი და გეცოდინებათ რა სახის ინფორმაცია დაგჭირდებათ მუშაობის პროცესში.
იყავით ამბავზე ორიენტირებული:
ეცადეთ, მოერიდოთ სიტყვებს როგორიცაა „შეიძლება,“ „შესაძლოა,“ „სავარაუდოა.“ რედაქტორებს სურთ იცოდნენ ის, რაც დანამდვილებით არის ცნობილი, რათა განსაჯონ, არის თუ არა აქ ამბავი.
მიუთითეთ ძირითადი წყაროები
თუ ფრილანსერი ან შტატგარეშე რეპორტიორი ხარ, რედაქტორს, სავარაუდოდ, არ ეცოდინება შენზე… თუ მიუთითებთ იმ პირების მოსაზრებებს, რომელიც თქვენს ნამუშევარში გამოჩნდება და მიუთითებთ მთავარ წყაროებს, რომელთა გამოყენებასაც გეგმავთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ იცით, როგორ აპირებთ ამბის გაშუქებას და აჩვენებს, რომ შეგიძლიათ სამუშაოს შესრულება.
მიაწოდეთ ტექნიკური და ლოჯისტიკური დეტალები:
თქვით, როდისთვის იქნება მასალა მზად და რა ფორმატში წარადგენთ მას. თუ თქვენ სთავაზობთ, რომ ამბავს თან სურათებს დაურთავთ, ესეც თქვით.
დააწესეთ დედლაინი:
ფრილანსერებისთვის უხერხულობას ქმნის იდეის სხვადასხვა რედაქტორისთვის წარდგენის ვადები. დროის ხანგრძლივობა დამოკიდებული უნდა იყოს ამბის სენსიტიურობაზე. შეთავაზებისას უთხარით რედაქტორს, რომ დაინტერესების შემთხვევაში გიპასუხოთ არაუგვიანეს 4 საათისა, თორემ მერე იდეას სხვა რედაქტორსაც გაუგზავნით. მაშინაც კი, თუ რედაქტორი არ დაგთანხმდებათ, ეს ჩანაწერი ხშირად აიძულებთ მათ, უარყოფის პასუხი მაინც მოგწერონ.
პორტფოლიო:
იდეასთან ერთად გაუგზავნეთ რედაქტორს თქვენი ბოლო ნამუშევრების ბმულებიც. ეს უნდა განთავსდეს იდეის შემდეგ, ბოლო ნაწილში.
რჩევები სხვა, წარმატებული შტატგარეშე რეპორტიორებისგან, რომლებიც შეგროვებულია მათი საუბრებიდან:
- ყველა ამბის იდეა უნდა შეფუთოთ კარგად და ისე მიაწოდოთ: შეამოწმეთ მართლწერა, ფაქტები, გრამატიკა და ტონი. რედაქტორების უმეტესობას არ აინტერესებს გაპრანჭული გასაყიდი ამბების იდეები ან დაუსრულებელი, გრძელი აბზაცები. საუკეთესო რჩევა: წააკითხეთ ვინმეს თქვენი შეთავაზება, სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერთ.
- შეიტანეთ სამუშაო სათაური და მოკლე შეჯამება. იგი, შეიძლება, შეიცვალოს როდესაც ამბავს უფრო სიღრმისეულად გამოიკვლევთ, თუმცა ეს ყოველივე ამბის სწრაფი მიმოხილვის საშუალებას იძლევა და თქვენი იდეის გზამკვლევია.
- ახსენით რაც შეიძლება მოკლედ , თუ რატომ დაინტერესდება აუდიტორია ამ ამბით. ხაზი გაუსვით ძირითად წყაროებს და დოკუმენტურ მტკიცებულებებს. გამოიყენეთ ბულეტები, რომ ინფორმაცია მარტივად აღსაქმელი იყოს.
- მიაწოდეთ ინფორმაცია სურათების, გრაფიკების ან სხვა ვიზუალური მასალის შესახებ, რომელიც თან დაერთვება თქვენს მასალას. თუ ეს არის მულტიმედიური პაკეტი, გააკეთეთ სია და აღწერეთ მისი ძირითადი კომპონენტები.
- დააწესეთ გონივრული ვადა სამუშაოდ. აღწერეთ, რამდენი დღე დასჭირდება ისტორიის შესწავლას და მის გაშუქებას, ფოტოების/ვიდეოს რედაქტირებას და ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმებას.