როგორ დავწეროთ ლიდი: 10 რამ რაც უნდა გავაკეთოთ და არ გავაკეთოთ
ავტორი: მეგან კრუზი
ლიდი არის მთავარი სატყუარა, ანკესი, რომელიც იჭერს მკითხველის ყურადღებას და უბიძგებს მას ამბის წასაკითხად. ლიდმა უნდა გადმოსცეს ისტორიის მთავარი კვანძი და უნდა შეიცავდეს შემდგომ ინფორმაციას: ვინ, რა, როდის, სად, რატომ და როგორ – თუმცაღა, ყველაფერი დასაწყისშივე არ უნდა გაუმხილოს მკითხველს.
ჯეკ კაპონმა, რეპორტინგის ექსპერტმა და ავტორმა წიგნისა „სიტყვა: ასოცირებული პრესის გზამკვლევი კარგად დაწერილი ახალი ამბებისთვის,“ სამართლიანად უწოდა ლიდის წერას „საწყის პოზიციაზე დაბრუნების აგონია.“ ბევრი რამ არის დამოკიდებული ლიდზე: სწორედ დასაწყისიდან გამომდინარე გადაწყვეტს მკითხველი, დახარჯოს თუ არა თავისი დრო და გონებრივი ძალა თქვენს მიერ შექმნილ ნაშრომზე, თუ მიანებოს თავი მის კითხვას. ძლიერი ლიდი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც აშკარად, უფრო ნაკლები კონცენტრაციის უნარი გვაქვს და ნაკლები მოთმინება. თუ თქვენს მიერ შექმნილი ნამუშევარი მკითხველის ყურადღებას თავიდანვე არ მიიპყრობს და ვერ მოახერხებს დასაწყისშივე მის ანკესზე წამოგებას, ის გაიქცევა, უკან დაბრუნების ღილაკი კი ერთი თითის დაჭერის დაშორებითაა. კარგი ლიდი მაცდურია, მკითხველს შეიტყუებს და პირდება, რომ იგი დროს სარფიანად დახარჯავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ლიდი ქმნის სტატიის განწყობას, მიანიშნებს მკითხველს თუ რა მიმართულებით გაგრძელდება სტატია. ყოველი ძლიერი ნამუშევარი იწყება ძლიერი ლიდით.
არსებობს ლიდის ორი ძირითადი ტიპი, ამასთანავე, არსებობს მათი მრავალი ვარიაცია. ესენია:
შემაჯამებელი ლიდი
ამ სახის ლიდს, ძირითადად, ვხვდებით მშრალ საინფორმაციო რეპორტებში. ის მომხდარ ამბავს საფუძვლიანად აჯამებს და მკითხველს პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს სთავაზობს. ამ ტიპის ლიდის წერის დროს, უნდა გადაწყვიტო ამბის რომელი ასპექტია (ვინ, რა, როდის, სად, რატომ და როგორ) მნიშვნელოვანი მკითხველისთვის და შესაბამისად წარმოადგინო ფაქტები. მაგალითად, ”სავარაუდო ქალწულმა შობა ძე ბეღელში, ბეთლემის გარეთ, გუშინ ღამით. ამტკიცებენ, რომ ციურმა სხეულებმა მიაცილა მოგვები მისი ადგილსამყოფელთან. მოგვმა, რომელიც ბიჭის დაბადებას დაესწრო, თქვა, რომ ბიჭი ერთ დღეს მეფე გახდება. ჰეროდეს კომენტარი არ გაუკეთებია.”
შემოქმედებითი ან აღწერილობითი ლიდი
ასეთი სახის ლიდი შეიძლება იყოს ხუმრობა, დაკვირვება, შეიცავდეს უცნაურ, არაჩვეულებრივ ფაქტებს ან იწყებოდეს სასაცილო ისტორიით და ა.შ. შემოქმედებითი ლიდი ძირითად შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ამბის თხრობისას, რომელიც მხატვრულ ელემენტებს შეიცავს, თუმცა, ასევე გამოსადეგია ბლოგ პოსტებისთვისაც. ასეთი ლიდი იწერება იმისთვის, რომ მიიზიდოს მკთხველი და ჩაითრიოს ისტორიაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ გზას დაადგებით, ლიდის შემდგომ წინადადებებში, ნაშრომში წარმოაჩინოთ უფრო ღრმა კონტექსტი და ამბის დეტალები.
ცოტა რამ ლიდზე, რომელიც კითხვას შეიცავს:
ეს არის შემოქმედებითი ლიდის ერთ-ერთი სახეობა. კითხვითი ლიდი იწყება შეკითხვით. რედაქტორთა უმეტესობას არ მოსწონს ამ ტიპის ლიდი, რადგანაც მიიჩნევა ზარმაცულ წერის სტილად. ადამიანები იმიტომ კითხულობენ შენს სტატიებს, რომ პასუხები მიიღონ და არა იმიტომ, რომ კითხვები დასვან. ასეთი ლიდი შეგრძნებას ტოვებს, თითქოს, მწერალმა ვერ მოძებნა უკეთესი გზა სტატიის დასაწყებად. გინდათ შეიტყოთ მეტი იმის თაობაზე, რომ ქალწულს ბავშვი შეეძინა? ჰმ, დიახ, სწორედ ამიტომ შემოვედი აქ თავიდანვე. არ არსებობს გამონაკლისი? რასაკვირველია არსებობს. თუ შეგიძლია, რომ კითხვითი ლიდი გახადო პროვოკაციული, მაშინ ნუ დააყოვნებ – „ნუთუ ფიქრობ, რომ შენი საქმეა რთულად? ამ ქალბატონმა ახლახანს ბავშვი ბეღელში შვა,“ – უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ ამის გაკეთება იოლი არ არის და იშვიათად, რომ ვინმეს გამოუვიდეს.
რომელი ტიპის ლიდი უნდა გამოიყენო? ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ჰკითხე შენს თავს: ვინ არის ჩემი აუდიტორია? ადვოკატებს საგადასახადო სამართლის მიმართულებით, რომლებიც ეძებენ კანონის უახლეს ცვლილებებს, არ სურთ წაიკითხონ თქვენი მახვილგონივრული აზრები შიდა შემოსავლების სამსახურის თაობაზე. ისევე როგორც მილენიალებს, რომლებიც ეძებენ ლუდის გამოხდის რეცეპტს, არ სურთ გაეცნონ ტექნიკურ ლექციას ფერმენტაციის პროცესზე. შეეცადე, მოარგო შენი სიტყვები მათ, ვინც პოსტს კითხულობს.
სად გამოქვეყნდება ეს სტატია? სტატია უნდა მოარგო საიტის ტენდენციას (საერთო ატმოსფეროს) და ენას. არის რაღაცები, რაც გეპატიება Vice.com-სთვის სტატიის წერისას, თუმცა, იგივე სტილი უპატიებელია უმაღლესი განათლების ქრონიკისთვის მასალის შექმნისას.
რის შესახებ ვწერ? ზოგიერთი საკითხი ბუნებრივად მოითხოვს შემოქმედობითობას, ზოგიერთი კი მხოლოდ მშრალ ფაქტებს საჭიროებს. იოგის ბლოგისთვის არომათერაპიის შესახებ წერა უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევს, ვიდრე საინვესტიციო რჩევებზე წერა პენსიაზე გასულთა ბლოგისთვის.
როგორ დავწეროთ ლიდი ან პარაგრაფი? 10 რამ რაც უნდა გავითვალისწინოთ
1. განსაზღვრე რა არის შენი ამბის მთავარი სატყუარა. გადახედე 5W -სა და 1H პრინციპს. რატომ ინტერესდება მკითხველი შენი სტატიით და რატომ გადმოდის ბმულზე? რა პრობლემის გადაჭრას ცდილობენ ისინი? რა არის ახალი ან განხვავებული შენს ამბავში? განსაზღვრე სტატიის რომელი ასპექტებია უფრო მეტად რელევანტური და მნიშნველოვანი და დაიწყე ამით.
2. იყავი მკაფიო და ლაკონიური. სტატიის წერისას მარტივი ენის გამოყენება საუკეთესო არჩევანია. მარკ ტვენს სწორად უთქვამს: „ნუ გამოიყენებ 5 დოლარიან სიტყვას, როდესაც 5 ცენტიანი სიტყვაც შეასრულებს საქმეს.“
3. ჩანდეს შენი ხმა ნაწერში. გამოიყენე ძლიერი ზმნები და წერე მტკიცე, ჩამოყალიბებული ენით. მაგალითისთვის რომ შევადაროთ „ძაღლი კბენს კაცს“ და „კაცი დაიკბინა ძაღლის მიერ“ – ვნებითი გვარი უფრო გაუბედავად და მსუბუქად ჟღერს (სხვათასორის, სტივენ კინგიც იმავეს ფიქრობს).
4. მკითხველს მიმართე შენობით. ეს მწერლისთვის იმის ტოლფასია, რაც არის ბარიერის გარღვევა თეატრში მაყურებელსა და მსახიობებს შორის, თუმცაღა, ამის თაობაზე ზოგიერთი რედაქტორი არ მეთანხმება, მაგრამ მე მაინც მტკიცედ ვარ ამ აზრზე. ადამიანებმა ისედაც იციან, რომ მათთვის წერ. არა მხოლოდ მისაღებია, რომ მიმართო მათ, არამედ, ვფიქრობ, რომ ეს გეხმარება მკითხველთან პირადი კავშირის დამყარებაში.
5. წყარო მიუთითე ინფორმაციის შემდეგ. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რისი გადაცემაც გინდა მკითხველისთვის? დაიწყე ინფორმაციით, ხოლო ამის შემდეგ მიუთითე თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ავტორი. სტატიაში წყაროს მითითების ნაწილი, თითქმის, ყოველთვის მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც წყარომ თქვა.
6. იყავი მოკლე და მახვილი. მაგალითისთვის ავიღოთ ჩემი ბოლოდროინდელი ლიდი Marketing Land-სთვის დაწერილი პოსტიდან: “ფრილანსერ მწერლებს უყვართ ჩემთან მუშაობა. სერიოზულად ვამბობ, უყვართ.“ მოკლე და მკაფიო წინადადებების გამოყენებისას მკითხველს უჩნდება სურვილი, იცოდეს, შემდგომ რას სთავაზობს სტატია.
7. თუ გაიჭედე და გამოსავალს ვერ პოულობ, იპოვე შესაფერისი სტატისტიკა. არის შემთხვევები, როდესაც ცდილობ, რომ იყო ჭკვიანი და ენამახვილი ან ბრწყინვალე, მაგრამ არაფერი გამოგდის. ასეთ დროს მოძებნე საინტერესო სტატისტიკა, რომელიც შენი თემის შესაბამისი იქნება და დაიწყე ამით. ეს გზა განსაკუთრებით ეფექტურია, თუ სტატისტიკა უჩვეულო და მოულოდნელია, მაგალითისთვის: „ამერიკელების 80 პროცენტს აქვს ვალი.“
8. ანდა, დაიწყე პირდაპირ ამბის მოყოლით. თუ სტატისტიკით ან ფაქტით დაწყება არ არის შესაფერისი თქვენი სტატიისთვის, სცადეთ, რაიმე ამბით დაიწყოთ. ადამიანები აღიქვამენ მონაცემებს, მაგრამ გრძნობენ ისტორიებს. გთავაზობთ მაგალითს ანეკდოტური ლიდისა, რომელიც არაჩვეულებრივი არჩევანი აღმოჩნდა დანაშაულის საქმეზე დაწერილი სტატიისთვის: „ახლახანს გადაცდა დილის 11 საათს და ჰიუსტონის პოლიციის ოფიცერ ალ ლეონარდს იარაღი უკვე გამზადებული აქვს, რა დროსაც მოხუცი შავკანიანი კაცი უახლოვდება საპატრულო მანქანას. 9 მმ-ანი პისტოლეტი მზერისგან მიმალულია და მანქანის კარზეა დამიზნებული. ლეონარდი დაბლა სწევს თავის ფანჯარას და ჩვეულებრივ ესალმება კაცს, რით შემიძლია დაგეხმაროთ?“
მინდა, რომ გავიგო რა მოხდება შემდეგ, შენ არა?
9. გამოიყენე შემდეგი ლიტერატურული ტაქტიკა. ყველა კარგი ამბავი შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან: გმირი, რომელთანაც მკითხველი კავშირს დაამყარებს, გამოწვევა ან ბოროტი პერსონაჟი ვისიც/რისიც გვეშინია და დაბრკოლება, რომელიც მოსალოდნელია. იპოვე ეს ელემენტები შენს ამბავში და დაიწყე ერთ-ერთით.
10. როდესაც ცარიელ ეკრანს მისჩერებიხარ. უბრალოდ დაიწყე. დაიწყე წერა ნებისმიერი რამით. დაიწყე ამბის შუა ნაწილით. როდესაც საქმეს შეუდგები, შემდგომ უკვე თანდათანობით აღმოაჩენ ლიდს პარაგრაფებში. ლიდი აქ არის – შენ უბრალოდ გჭირდება ლიდამდე გზის გაკაფვა.
როგორ არ უნდა დავწეროთ ლიდი? 10 რამ რაც არ უნდა გავაკეთოთ:
1. არ აიძულო მკითხველი, რომ ბევრი იწვალოს. ასეთი სახის ლიდს უწოდებენ „ჩამარხულ ლიდს.“ დასაწყისი ასეთ სახეს მაშინ იღებს, როდესაც დიდხანს უნდები მთავარი სათქმელის გადმოცემას. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია რომ კრეატიულად მიუდგე სატატიას, მაგრამ თუ მკითხველმა მალევე ვერ მოახერხა იმის გაგება, თუ რის თაობაზეა შენი სტატია, ეს დაბრკოლებას შექმნის.
2. ნუ შეეცდები, იყო ყოვლისმომცველი. შენი ლიდი ზედმეტად ბევრ 5W-სა და 1H შეიცავს? არ არის ყველაფერი ერთ წინადადებაში? ამით დაღლი შენს მკითხველს.
3. არ დაიწყო წინადადება კონსტრუქციით „არსებობს.“ ეს გზა, რასაკვირველია არ ითვლება არასწორად, თუმცა, მსგავსია კითხვისშემცველი ლიდისა, რაც ასევე ზარმაცულ და მოსაწყენ მწერლობაზე მიანიშნებს.
4. შეეცადე, არ იყო გამოიყენო კლიშეები.
5. არ გქონდეს შეცდომები. შეცდომებში გრამატიკული ლაფსუსებიც ითვლება, რაც იმაზე მიანიშნებს რომ მორჩა, შენ უკვე დაკარგე მკითხველი.
6. არ გამოიყენო ისეთი ფრაზები როგორიცაა, „აქვეა,“ ახლოვდება,“ „კარს მოგვადგა.“ მე და ჩემი მეგობარი რედაქტორი ვითვლიდით, თუ რამდენ მსგავს წინადადებას ვიღებდით კვირის განმავლობაში (რასაც დიდი სიახარულით არ ვხვდებოდით) „ვალენტინობის დღესასწაული კარს მოგვადგა“, „სკოლის პირველ დღემდე სულ ცოტა დარჩა“, „დედის დღის ფასდაკლება ახლოვდება.“
ასეთი ფრაზები ძალიან მოსაწყენია.
7. არ ითამაშო სიტყვებით, ირონიულადაც კი. ნუ უბიძგებ მკითხველს გმინვისკენ .
8. ნუ იტყვი ისეთ რაღაცას, რაც ისედაც ნათელია. არ უთხრა მკითხველს ის, რაც მათ ისედაც უკვე იციან. მაგალითად: “ინტერნეტი წარმოადგენს გამოსადეგი ინფორმაციის უზარმაზარ წყაროს .“ მართლა? შენ რომ არ გეთქვა, მე არ ვიცოდი!
9. არ ამოიღო ციტატა ლექსიკონიდან. „მარიამ-ვებსტერი მარკეტინგს განსაზღვრავს როგორც…“ ოჰ, მომკალი. ამ მარტივ წერის ტაქტიკას იყენებენ სკოლის ასაკის ბავშვები. ნუ გააკეთებ ამას.
10. არაფერი წარმოიდგინო, ჯონ ლენონი არ ხარ. “წარმოიდგინე სამყარო, სადაც ყველაფერი გადამუშავებადია,“ „ წარმოიდგინე, რა კარგი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ,“ „წარმოიდგინე, რომ შობის ღამეს მიიღე $1,000-იანი ჩეკი შენი საყვარელი კლიენტისგან.“ ახლა წარმოიდგინე, რომ ჩვენ პენსიაზე გავუშვით ეს გაცვეთილი, ბანალური ლიდი.
სტატია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა clearvoice.com-ზე.