როგორ აღმოვაჩინოთ ახალი ამბები

ავტორი: ჯალდიპ კატუალა

რა არის ის მახასიათებლები, რაც ფაქტს გამონაგონისგან განასხვავებს? როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ამოიცნოთ ჭეშმარიტად ახალი ამბავი და აღმოაჩინოთ მნიშვნელოვანი ფაქტები:

1. საინტერესოა?

ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუ საიტერესო არ არის, რატომ უნდა მოჰყვე? შენმა ამბავმა უნდა შეძლოს, მაყურებელი, მსმენელი თუ მკითხველი გზაზე შეაყოვნოს. იმდენი უნდა მოახერხოს, რომ საუზმეს თვალი მოსწყვიტონ და მოანდომოს, რომ ეს ამბავი სხვასაც გაუზიაროს. ამის დასადგენად კარგი ტესტი არსებობს: თუ ერთ-ერთი თქვენი კოლეგა იტყვის “და მერე რა?” – და თუ ამ კითხვას ვერ უპასუხებთ, ე.ი. ამბავი ისეთი მნიშვნელოვანიც არ ყოფილა, როგორც გეგონათ.

2. ადრე თუ იცოდით ამის შესახებ?

ზოგიერთი ისტორია მრავალჯერაა გაშუქებული. თქვენს ნიუსრუმში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ფანტასტიკური მეხსიერება აქვს და ყველა ის ისტორია ახსოვს, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, გაიკითხოთ ირგვლივ, ვინმეს ხომ არ აქვს დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ამბავს ახალი კუთხე მოუძებნოთ, რომელსაც შემდგომ განავითარებთ.

3. ვინმეს არ უნდა ამ ამბის გახმაურება?

როცა მოსამზადებელ კვლევას დაასრულებთ, მზად იქნებით ინტერვიუს დასაგეგმადაც. თუმცა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მთავარი რესპონდენტი გაურბის თქვენს ზარებს, უარს ამბობს მონაწილეობაზე, ანდა არ პასუხობს თქვენს შეკითხვებს. თუ ეს ასეა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამბის ცენტრალური ფიგურა რაღაცას მალავს ან ეშინია. რასაკვირველია, მხოლოდ ეს ყველაფერი არ კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ამბავი მართალია ან თქვენ სწორ გზას ადგახართ. მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ადამიანმა ჩუმად ყოფნა არჩიოს. თუმცა, ასეთი ქცევა, შეიძლება, იყოს მანიშნებელი იმისა, რომ არსებობს საკითხები, რომელიც სიღრმისეულ გამოძიებას მოითხოვს. ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ.

4. რამდენ ადამიანზე მოახდენს გავლენას ეს ამბავი?

შესაძლოა, ისტორია იყოს მთელს მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ გავლენა მხოლოდ ერთ ადამიანზე იქონიოს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს ამბის მოყოლის საჭიროებას, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანზე მოახდენს თქვენი ამბავი გავლენას, მით უფრო მეტია მისი გაშუქების საჭიროება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისტორია მხოლოდ ერთ ადამიანზე ზემოქმედებს, თქვენი საქმეა, კარგად დაფიქრდეთ და ახსნათ ამბის უფრო ფართო მნიშვნელობა. ძირითად შემთხვევაში, სხვა ადამიანებიც არიან მსგავს სიტუაციაში და შესაძლოა მათაც ისარგებლონ თქვენი კვლევით და მოძიებული ფაქტებით.

5. გადმოსაცემად რთული ამბავია?

არსებობს ოქროს წესი: რაც უფრო რთულია ამბავი მოსაყოლად,  მით უფრო მეტია შანსი, რომ ისტორია დიდებული იქნება. მარტივი რომ ყოფილიყო მისი გადმოცემა, ამას სხვა უკვე გააკეთებდა. ამბის სირთულე ასევე ხაზს უსვამს იმ აუცილებლობას, რომ მარტივად არ უნდა დანებდეთ. მნიშვნელოვანი ამბის გაშუქებისას, შეიძლება, მისი მიტოვება მოგინდეთ. არ გააკეთოთ ეს. შესაძლოა, გარკვეული დროით ჩამოშორდეთ ამბავს, ეს დიდი ტრაგედია არაა, მაგრამ სცადეთ, გაარკვიოთ, რატომაა ამბავი რთული. შესაძლოა, სწორედ ის დაბრკოლება იყოს ისტორიის მთავარი კვანძი, რაც ხელს გიშლით.

6. ლოგიკური აზრის გამოტანა შეიძლება ამ ამბიდან?

რაც უფრო არაჩვეულებრივი და რეალობას მოწყვეტილია ამბავი, მით მეტია შანსი, რომ ის სიმართლე არ იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაჩვეულებრივი ამბები არ არსებობს, უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, სანამ გამოაქვეყნებთ ან აჩვენებთ ისტორიას, სრულიად დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს ფაქტებში.

7. მოსალოდნელია, რომ სხვებმა გააშუქონ თქვენი ამბავი?

თუ ამბავი ორიგინალური და განსხვავებულია, მაშინ ის სხვა ჟურნალისტების ყურადღებასაც დაიმსახურებს. მაგრამ თუ ის განსაკუთრებულად, საუცხოოდ  მომზადებული მასალაა, მიიქცევს პოლიტიკოსების, კამპანიის მონაწილეების, გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღებასაც და ისინი ამ ამბავზე დაყრდნობით რაიმეს მოიმოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა, თუ როგორ გააგრძელებთ ამ ამბავს. როგორც კი თქვენი ამბავი გამჟღავნდება და სხვების ყურადღებას მიიქცევს, მაშინვე დაგჭირდებათ, რომ ამ თამაშში კვლავ მათზე წინ იყოთ. ყოველთვის კარგი აზრია, რომ ჩამოწეროთ რა ფოკუსს და კუთხეს მოუძებნით ამ ამბავს გაგრძელების (ე.წ. Follow-up) შემთხვევაში.

8. არის ამ ამბავთან დაკავშირებული სხვა ისტორიები?

ძალიან კარგ ამბავს ექნება, სულ მცირე, სამი ისტორია, რომელიც მასთან დაკავშირებული იქნება და რომელსაც უნდა დაედევნოთ. თქვენს კონკურენტებთან შედარებით უკვე წინ ხართ, ასე რომ, ამბის გამოქვეყნებამდე უნდა განჭვრიტოთ, როგორ განვითარდება იგი. თუმცა, როდესაც თქვენი ისტორია გამომჟღავნდება, სხვებიც დაიწყებენ ახალი კუთხის ძიებას, რათა მისი გაგრძელება მოყვნენ და შეეცდებიან მიისაკუთრონ ამბავი. თქვენ მათზე წინ უნდა იყოთ. როდესაც გააგრძელებთ საწყისი ფაქტების ძიებას, დაწერეთ ისტორიის გეგმა იდეებთან ერთად, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ისტორია და ვინ შეიძლება იყვნენ ამბის სხვა პერსონაჟები. იპოვეთ ეს ადამიანები, დაელაპარაკეთ მათ. მოაგროვეთ გამორჩეული მასალა და განავითარეთ ამბის ახალი მხარე. თქვენი საქმეა არსებული იმპულსის შენარჩუნება.

9. რაიმეს შეცვლის თქვენი ამბავი?

თუ მოყვებით თქვენს ამბავს, რაიმე იქნება განსხვავებული? სხვა ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდება თუ გაუარესდება? თუ გაუმჯობესდება, ეს კარგის ნიშანია. თუ მოსალოდნელია, რომ ბევრი ადამიანისთვის ცუდის მომტანი იქნება, კიდევ დაფიქრდით, გამოაქვეყნოთ ან აჩვენოთ თუ არა ამბავი.

10. შეძლებთ, რომ თქვენს საკონტაქტო პირებს განმეორებით მიმართოთ?

როდესაც თქვენს ამბავს გამოაქვეყნებთ, კიდევ შეგეძლებათ რომ წყაროებს თვალებში ჩახედოთ? კიდევ დაგელაპარაკებიან? საკამათო ამბის სამართლიანად გაშუქება პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ხოლო საკითხის ცუდად და უსამართლოდ მოყოლა გაართულებს თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას. ეს არ ნიშნავს, რომ კომპრომისზე უნდა წახვიდეთ, ან შეარბილოთ თქვენი მასალა. რაც იგულისხმება, არის ის რომ თქვენ გევალებათ, სამართლიანი, გულწრფელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და ზუსტი იყოთ იმაში, რასაც აკეთებთ.

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like