რეპორტინგის განმავლობაში წერით გახადეთ თქვენი ამბავი უფრო ძლიერი
ავტორი: სტივ ბათრი
რეპორტინგის პროცესშივე წერა გამოწვევა იყო ჩემი დისციპლინისათვის. მაგრამ როდესაც წარმატებით გავაერთიანე წერა რეპორტინგთან, აღმოვაჩინე, რომ ამით ორივე პროცესი გაუმჯობესდა.
დღევანდელი ციფრული ფორმატის გამო, ბევრ ჟურნალისტს უწევს წერა რეპორტინგის დროს: ცოცხალ, მიმდინარე მოვლენებზე ბლოგინგისას, ახალი ამბების გაშუქებისას – როდესაც მოვლენები სწრაფად და თანდათანობით ვითარდება.
ვფიქრობ, ბევრი რეპორტიორი კვლავ ებღაუჭება ძველ, სწორხაზოვან პროცესს – ჯერ რეპორტინგი, შემდეგ კი წერა, მაშინ, როდესაც მოულოდნელად მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები საჭიროებს წერას რეპორტინგის პარალელურად. ვფიქრობ, რეპორტინგის დროს წერის მნიშვნელობის გააზრება, დაგეხმარებათ წერისა და რეპორტინგის გაუმჯობესებაში.
გათავისუფლდით სწორხაზოვანი პროცესისგან:
ტრადიციულად, ჟურნალისტები მუშაობენ სწორხაზოვანი მანერით, რაც მოიცავს გამოკვეთილ პროცესებსა და უნარებს: თქვენ იფიქრებთ ამბის იდეას, აგროვებთ ინფორმაციას, დაალაგებთ და იპოვით ინფორმაციის ცენტრს , წერთ ამბავს, რაც შემდეგ, შესაძლოა, შეასწოროთ და ახლიდან დაწეროთ. სცადეთ, ამბის თხრობას შეხედოთ, როგორც ერთიან პროცესს, სადაც თქვენ ახალ ფორმას აძლევთ ისტორიის იდეას, წერთ და ახლიდან გადაწერთ მას ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად.
დაწერეთ თქვენი იდეები:
წერა დაიწყეთ მაშინვე, როგორც კი მოგივათ იდეა თქვენი ამბისთვის. შეიძლება, დაიწყოთ მხოლოდ პარაგრაფით თქვენთვის ან თქვენი რედაქტორისთვის. შეიძლება დაიწყოთ რამდენიმე აბზაცით, რაც უკვე ამბავს დაემსგავსება. შეიძლება დაიწყოთ გეგმით, რომლის მიხედვითაც ააგებთ ამბავს. იდეების ფაზაში წერა გეხმარებათ საბოლოო მიზანზე ყურდღების გამახვილებაში.
წერეთ ყოველი ინტერვიუს შემდეგ:
მხოლოდ ჩანაწერების გადაწერას არ დაჯერდეთ. თუმცა, ეს უკეთესია ვიდრე საერთოდ არაფრის დაწერა. დაიწყეთ ამბის წერა. იმუშავეთ თქვენს ლიდზე, თუ შეგიძლიათ. თუ ფიქრობთ, რომ ინტერვიუსგან შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ რამდენიმე პარაგრაფი ამბისთვის, დაწერეთ იგი. ინტერვიუს ჩაწერისთანავე წერა უზრუნველყოფს სიზუსტეს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელწერა არის გაურკვეველი, აუდიოჩანაწერი არის გაფუჭებული ან თუ რთულია თქვენთვის ძველი ჩანაწერების კითხვა/მოსმენა). ამ დროს უფრო მეტადაა შესაძლებელი, გაიხსენოთ მნიშვნელოვანი დეტალები გარემოზე, რესპონდენტის განწყობასა და მანერებზე.
წერა ბადებს შეკითხვებს:
ჟურნალისტებს ვეკითხები ხოლმე, აჩენს თუ არა წერის პროცესი მათ გონებაში შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ დედლაინამდე ცოტა დროა დარჩენილი? თავის დაქნევა და დამწუხრებული გამომეტყველება ადასტურებს, რომ ეს ხშირად ხდება. თუ თქვენ წერას თავიდანვე დაიწყებთ, მეტი დრო გექნებათ ახალ კითხვებზე პასუხების გასაცემად და წყაროებთან კონტაქტისთვის.
თანაც, თუ რეპორტინგის პარალელურად წერთ და გიჩნდებათ კითხვები, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ინტერვიუსთვისაც ემზადებით.
წარმოიდგინე, რომ შენი დედლაინი მოახლოვდა:
დაიწყე ამბავზე წერა რაც შეიძლება მალე, ისე, თითქოს, დაუყოვნებლივ გქონდეს გასაგზავნი გამოსაქვეყნებლად. იმუშავე ლიდზე, სტატია მოაწესრიგე, რომ გადასვლები მსუბუქი იყოს და ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდეს. შესაძლოა, საბოლოოდ ეს არ აღმოჩნდეს შენი ლიდი, თუმცა ამბავი უკეთ წასაკითხი გახდება, თუ რამდენიმე აბზაცი ისეთივე ძალისხმევით და სუფთად იქნება დაწერილი, როგორც ლიდი.
გადაწერე ხელახლა ყოველ ჯერზე:
ყოველ ჯერზე, როდესაც მიუბრუნდებით ამბავს, გადაიკითხეთ უკვე დაწერილი და თუ საჭიროა, შეცვალეთ. ეს უფრო დახვეწს თქვენს სტატიას, წინ წაგწევთ ყოველ ჯერზე და შეამცირებს იმ დროს, როდესაც მისჩერებიხართ ეკრანს და ელოდებით წერის მოტივაციას.
წერეთ თქვენს რვეულში:
თუ დანაშაულის ან კატასტროფის ადგილზე იმყოფებით, ფიზიკურად ვერ მოახერხებთ, დაიწყოთ წერა რეპორტინგის პროცესშივე. მაგრამ ამ დროს შეგიძლიათ თქვენს გონებაში ან რვეულში ააგოთ ამბის სტრუქტურა, მონახაზი და მერე მარტივად შეასხათ ხორცი მას.
იფიქრეთ ამბავზე:
როდესაც ინტერვიუს ჩაატარებთ და ინფორმაციას მოიძიებთ, გონებაში გქონდეთ ის ისტორია, რომლის გახსნასაც ცდილობთ. გამოკვეთეთ ის ნაწილები, რომლებიც თქვენს ლიდში მოხვდება, წარმოაჩინეთ თქვენი მთავარი სათქმელი და ა.შ. თქვენი ამბის წერა გონებაში დაიწყეთ, ან ხმამაღლა როდესაც მანქანით ინტერვიუდან უკან ბრუნდებით (ჩართეთ ხმის ჩამწერი თქვენს სმარტფონში და დაიწყეთ კარნახი, ან სულ მცირე, იფიქრეთ ხმამაღლა თქვენს ამბავზე). მოფიქრებისთანავე ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი პასაჟები ან ფრაზები თქვენს რვეულში.